Wednesday, April 13, 2011

საკუთარი ბიზნესი მაშარაფითა და ჟაშკულამით

აიღეთ ერთი ქვაბი ყოველდღიურობა და შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. აიღეთ რამდენიმე თავი იდეა და კარგად დაამუშავეთ. დამუშავებული იდეები გადაარჩიეთ და გახეხეთ. გახეხილ იდეებს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ენთუზიაზმი და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე.

კერძის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გარნირი. მის მოსამზადებლად აიღეთ სუფთა და ნატურალური რწმენა. ათქვიფეთ მანამდე სანამ არ გაითავისებთ და შეისისხლხორცებთ. ათქვეფილ რწმენას მსუბუქი არომატის მისაცემად ზომიერად დაუმატეთ თვითდაჯერებული განწყობა.

რწმენისგან მომზადებული გარნირის თხელი ფენა თეფშზე მოათავსეთ. ზემოდან დააწყვეთ დაბალ ცეცხლზე მოთუშული იდეები.


აქ მაესტრო თავიდან თეთრ ქუდს იხსნის, კამერისკენ ბრუნდება და ამბობს: საკუთარი ბიზნესი მაშარაფითა და ჟაშკულამით ერთადერთი კერძია რომელიც დასრულებულად მას შემდეგ ითვლება როდესაც მას გასინჯავთ, მოგეწონებათ და ბოლომდე შეჭამთ. გაამოთ.



სიყვარულის რულეტი

აიღეთ ერთი გაელვება. დაამატეთ მოულოდნელი ღიმილი და ცოტაოდენი კრთომა. ერთმანეთში კარგად აურიეთ და დადგით მზეზე.(1)

ამის შემდეგ აიღეთ 100 გრ. ეიფორია, 200 გრამი შფოთვა და 1 კილო ოცნება. ერთმანეთში კაგად აზილეთ. მას შემდეგ რაც მასა გამკვრივდება კარგად გააბრტყელეთ რეალობით.

სირბილის მისაცემად, 1 შეკვრა ყოველდღიურობას დაუმატეთ, კოცნა, წვიმაში სეირნობა და ღიმილი. მასის კარგად შესაკრავად აუცილებელია რამდენიმე განშორება. ზედმეტი სიტკბოს გასანეიტრალებლად მასას დაამატეთ ერთი ორი უაზრო ჩხუბი (2).

მიღებული მასის თხელი ფენა, ფრთხილად წაუსვით, უკვე გაბრყელებულ მასას და მრგვალად დაახვიეთ.

აიღეთ მზეზე გამთბარი არომატული სოუზი და რულეტს ზემოდან დააწვეთეთ.

კერძის საბოლოო გასაფორმებლად და არომატის მისაცემად, აიღეთ წვრილად დაფქვილი მონატრება და რულეტს დააყარეთ.

არომატის შესაგრძნობად რულეტი მიირთვით თბილ მდგომარეობაში.



შენიშვნები:
1. არ დაგავიწყდეთ პირველი გაელვებისგან და ღიმილისგან მომზადებული სოუზი მზეზე, რის შედეგადაც მასა გახმება და უვარგისი იქნება რულეტში გამოსაყენებლად.

2. ხშირად "უაზრო ჩხუბის" გემო თავიდანვე მკვეთრად არ იგრძნობა, შესაბამისად იყავით ყურადღებით რომ აღნიშნული ინგრედიენტი
ჭარბი ოდენობით არ მოგივიდე . დამწყები კულინარები ხშირად უშვებენ მსგავს შეცდომას.

No comments:

Post a Comment